ნახევრად დაშლილ ქვით ნაგებ სოფელს,
თავს წასდგომია სალი კლდის ხედი,
მწვანე მთებსა და ჭიუხებს იქით
სჩანს კავკასიის თეთრწვერა ქედი.
დუმან ტყეები, დუმან ხევები,
ნისლი დარდებად მთის წვერს ედება,
ჩანცქერიც კლდის წვერს ისე ჰკიდია
ვით უფლის მიმართ აღვლენილი ლოცვა ვედრება.
იქნება მართლა ღმერთს ევედრება,
ცისკენ იმიტომ უჭირავს თვალი:
სთხოვს დაუბრუნდეს კვლავ მთას ხევსური,
სთხოვს კვლავ გასჭედოს ხალიბმა ხმალი.
რომ ახმაურდეს ისევ ეს მხარე,
ქართული სიტყვით, ლექსით, შაირით.
კვლავაც შამადგნენ ლაშარის გორზე
ლუხუმის ძენი აბჯრის ჟღარუნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий